მომხმარებელთა არაერთი თხოვნისა და მიმართვის გათვალისწინებით,
„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებმა“ (JMG & Partners) გადაწყვიტა, „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით
გაეკეთებინა განცხადება.
„translate.ge-სთან“ ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დღეისთვის გახმაურებული საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დასრულებული იყო. „translate.ge-ს“ სხა ვალდებულებებთან ერთად, დაკისრებული ჰქონდა 50 000 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში „translate.ge-ს“ ადვოკატი არ ჰყავდა. „translate.ge“ მაქსიმალურად ცდილობდა, ეთანამშრომლა ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეებთან (ოჯახთან) და მიეღწია შეთანხმებას ასეთი შესაძლებლობის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეების (ოჯახის) მიერ სარჩელი იქნა შეტანილი, რაც მოულოდნელი გამოდგა „translate.ge-სთვის“, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მეორე ინსტანციაში, სადაც დაიწყო უვე ჩვენი თანამშრომლობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა დადგენილი წესით. ჩვენი და „translate.ge-ს“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მოვითხოვეთ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების (კომპენსაციის გადახდისა, თუ სხვა ვალდებულებების დაკისრების თაობაზე) გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება თავდაპირველ სტადიაზე, რათა საქმეს უფრო მეტად მოფენოდა ნათელი და სასამართლოში „translate.ge-ს“ შეძლებოდა ადვოკატთან ერთად წარმომადგენლობა.
საქმის დასრულებამდე, სანამ სააპელაციო სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას, მხარეები („translate.ge“ და ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეები, ოჯახი) მორიგდნენ. კერძოდ, მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, „translate.ge-მ“ ერთი მხრივ, მისი ვებგვერდიდან სიტყვათა შესაბამისი განმარტებები ამოიღო, ხოლო, მეორე მხრივ, „translate.ge-ს“ უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეებისთვის (ოჯახისთვის). აღსანიშნავია, რომ თანხა 50 000 ლართან შედარებით, ბევრად მცირე ოდენობით განისაზღვრა.
მორიგებას ხელი მოაწერა როგორც „translate.ge-მ“, ისე, ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეების (ოჯახის) წარმომადგენელმა. ეს ნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და „translate.ge-ს“ არ დაკისრებია რაიმე სახის ჯარიმა. სამწუხაროდ, ინტერნეტში ეს საკითხი განსხვავებულად იქნა გაშუქებული (თითქოს, „translate.ge“ დაჯარიმდა), რაც სამართლებრივ განმარტებასთან არ მოდის შესაბამისობაში.
ის, თუ რატომ მორიგდნენ მხარეები, აღემატება მისი წარმომადგენლების მხრიდან განმარტებას.
ამ გარემოების გათვალისწინებით, იკვეთება, რომ „translate.ge-ს“ კანონი არ დაურღვევია!
„translate.ge-ს“ რომ დაერღვია კანონი (რაშიც გვარჯალაძეების ოჯახიც არ იყო დარწმუნებული, თორემ მათი მხრიდან მორიგება არ შედგებოდა), მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, ისევე, როგორც ცალკეული ვალდებულების შესრულების თაობაზე, კანონიერ ძალაში შევიდოდა (თანხის გადახდა გაცილებით დიდი ოდენობით დაეკისრებოდა „translate.ge-ს“, ვიდრე მორიგებით განისაზღვრა). ასეთ შემთხვევაში, ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეების (ოჯახის) მხარეს არ უნდა მოეწერა ხელი მორიგებაზე.
დღეის მდგომარეობით მოქმედია მხოლოდ მორიგების აქტი, რომლის პირობებიც „translate.ge-მ“ შეასრულა და ასრულებს პირნათლად.
„translate.ge-მ“ გადაუხადა გვარჯალაძეების ოჯახს ის თანხა, რომელზეც დათანხმდა მოსარჩელე და რომელიც ბევრად მცირე რაოდენობისაა პირველად მოთხოვნასთან მიმართებით. ამდენად, „translate.ge-მ“ ეს ინტერესიც დააკმაყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, ეს ინტერესი დააკმაყოფილა მორიგების (შეთანხმების) საფუძველზე და არა იმიტომ, რომ მან დაარღვია კანონი და სასამართლომ დააკისრა აღნიშნული თანხა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ეს პირობა გვარჯალაძეების ოჯახთან შეთანხმებით იქნა მიღწეული (ამოღებულიყო სიტყვათა განმარტებანი), რასაც პირნათლად ასრულებს „translate.ge“.
„translate.ge“ აღარ იყენებს ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების ლექსიკონს. აღკვეთილია ასეთი გამოყენება, და, შესაბამისად, მითითებულია აღნიშნული ვებგვერდზე. კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ ამოღების საფუძველია მხარეთა შეთანხმება (რომელიც, გარკვეულ თანხასაც მოიცავდა, თუმცა ბევრად ნაკლებს, ვიდრე 50 000 ლარს) და არა „translate.ge-ს“ მხრიდან უფლებების დარღვევა.
„translate.ge-ს“ ვებგვერდს ყოველთვიურად 400 000 უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და სარგებლობს განთავსებული ინფორმაციით. „translate.ge“ ითვალისწინებს ამ ფაქტორს და აგრძელებს თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის აქტიურ ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია, რომ „translate.ge-სთვის“ ვებგვერდზე ინგლისური ლექსიკონის შედგენა არასდროს ყოფილა კომერციული მიზანით განპირობებული.
ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად არ მოიპოვება კანონერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც რაიმე დარღვევაზე გააკეთებდა აქცენტს. შესაბამისად, სამართლებრივად დღეს არის შემდეგი მოცემულობა:
„t r a n s l a t e. g e- ს“ კ ა ნ ო ნ ი ა რ დ ა უ რ ღ ვ ე ვ ი ა!