თუ პირი ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს და იგი თვლის, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი პირს სთავაზობს გასაჩივრების 10 დღიან ვადას. ამ ვადის გაგრძელება მოხდება მხოლოდ საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, საჩივრის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში (შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში) დაჯარიმებული პირის განცხადების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი ითვალისწინებს სამართალდარღვევის ადგილზე განხილვისას პირის დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ორგანოში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. ადგილზე განხილვაში ამავე კოდექსის 2341 მუხლის თანახმად იგულისხმება საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამორკვევა. ადგილზე განხილვისას გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პირს ადგილზევე ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი (აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმა) და გადაეცემა საჯარიმო ქვითარი.
ზემოთ მითითებულ 10 დღიან შუალედში საჩივარი უნდა იქნეს წარდგენილი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ შემთხვევაში - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ან სასამართლო) წერილობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით. ეს მოთხოვნებია:
· საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
· იმ ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება;
· ასევე აუცილებელია მიეთითოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (მაგ.: ჯარიმა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის), რომელიც საჩივრდება;
· მოთხოვნა (მაგ.: ჯარიმის ბათილად ცნობა);
· ის გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა (ამ ნაწილში უკვე უთითებთ, რატომ თვლით, რომ უსაფუძვლოდ დაგაჯარიმეს);
· იმ საბუთების ნუსხა, რომელიც გინდათ, რომ საჩივარს დაურთოთ;
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად საჩივრის მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას პირს თუ:
·
მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით უკვე მიმდინარეობს დავა სასამართლოში;
·
უკვე არსებობს იმ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწვეტილება იმავე საკითხზე;
·
არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი;
·
გასულია საჩივრის შეტანის ვადა;
ადმინისტრაციული ორგანო საჩივრის მიღებაზე ან მის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჩივრის წარმდგენ პირს აძლევს საშუალებას, წარადგინოს თავისი მოსაზრება ამ საკითხზე.
ნინო ბერიძე