შვილთან ერთად გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ გამგზავრება? თუ ნათესავთან ერთად უშვებთ თქვენს არასრულწლოვან შვილს დასასვენებლად? ან ბავშვი სპორტულ შეჯიბრზე მიემგზავრება? სწორედ მსგავს სიტუაციებში მშობლებს ებადებათ კითხვა, თუ რა საბუთები დასჭირდებათ მათ არასრულწლოვან შვილებს საქართველოდ გასვლისათვის.
როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეს
საზღვრის გადასაკვეთად დასჭირდება საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი.
არსებობს საგამონაკლისო შემთხვევაც. მაგალითად, თურქეთში მგზავრობის
შემთხვევაში (რომელთანაც საქართველოს აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი),
საზღვრის კვეთა დასაშვებია მხოლოდ ID ბარათის მეშვეობით.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-202 მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტების თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შეუძლია მიმართოს არასრულწლოვნის ერთ-ერთ წამრმომადგენელს ან 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს, თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
აქვე მნიშვნელოვანია მე-202 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების (ანუ ორივე მშობლის) ადგილზე თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობითი ფორმით, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
მე-81 მუხლით კი პასპორტის გაცემაზე მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა იქნება საკმარისი შემდეგ შემთხვევებში:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და
ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა
მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების
რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან
იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა
პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
როდესაც მშობლები აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, ისინი თანხმდებიან, რომ ინფორმირებულები არიან და გათვითცნობიერებული აქვთ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, რომლის გაცემით ერთ მშობელს ეძლევა უფლება, მეორე მშობლის თანხმობის გარეშე გაიყვანოს საზღვარგარეთ არასრულწლოვანი შვილი.
მაგრამ მე-205 მუხლის მე-8 პუნქტი ერთგვარ
ბერკეტს წარმოადგენს, რომ მშობლებმა უკეთესად დაიცვან საკუთარი შვილის
ინტერესები. თუ რომელიმე მშობელი უკან გაიტანს ან გამოიხმობს თავის თანხმობას
პასპორტის აღების შესახებ, ბავშვზე გაცემული პასპორტი გაუქმდება, შესაბამისად მშობლების
უთანხმოების შემთხვევაში ვერ მოხდება არასრულწლოვნის საქართველოდან გაყვანა მეორე
მშობლის ნებართვის გარეშე.
საინტერესოა,
თუ რა არის საჭირო პასპორტის აღების შემდეგ. „საქართველოს მოქალაქეების
საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანი საქართველოდან გადის
პასპორტით და მას ახლავს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), მეორე
მშობლის ცალკე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა საჭირო არ არის, მთავარია
თანხლებმა კანონიერმა წარმომადგენელმა თან იქონიოს ბავშვის დაბადების მოწმობის დამოწმებული თარგმანი, რათა დადასტურდეს მშობლობა.
მხოლოდ
ერთ-ერთი მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები) საკმარისია, როდესაც:
- 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი საქართველოდან დროებით
გადის სხვა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით;
- 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი დროებით და დამოუკიდებლად
გადის საქართველოდან.
აქვე აღსანიშნავია, რომ თანხმობასთან ერთად, საზღვრის კვეთისას შესაბამისი უწყების წარმომადგენელს უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობა და მშობლების პასპორტის ასლები. ყველა საბუთი კი უნდა იყოს გადათარგმნილი ინგლისურ ენაზე და შემდეგ ნოტარიულად დამოწმებული.
გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანს საზღვრის გადასაკვეთად ასევე უნდა ჰქონედს ყველა სხვა საერთო საბუთი, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისათვის (მაგალითად, ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, მოწვევა, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.). ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც კი მესაზღვრე უფლებამოსილია დამატებითი კითხვები დასვას, რაც ემსახურება თქვენი და თქვენი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხო და ლეგალურ გადაადგილებას.
ტასო შანავა