შვილების აღზრდა და რჩენა წარმოადგენს ორივე მშობლების მთავარ მოვალეობას. მეტიც, შრომისუნარიანი ოჯახის წევრები მოვალენი არიან იზრუნონ იმ ნათესავებზე, რომელთაც თვითონ არ შეუძლიათ არჩინონ საკუთარი თავი. ამგვარ პოზიციას იზიარებს კანონმდებელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 წიგნის მე-2 კარში ამ საკითხების მოწესრიგებით.
ლათინული სიტყვა „alimentum“ ქართულად ნიშნავს საზრდოს, საკვებს. იურიდიულად ალიმენტი არის ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრს.
ალიმენტი/სარჩო გადაიხდება შემდეგი პირების სასარგებლოდ:
· 18
წლამდე
ასაკის
შვილები,
რომელთა
მიმართ
მშობლები
ან ერთი მშობელი არ ასრულებს მათი რჩენის ვალდებულებას;
· სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილები;
· შრომისუუნარო მეუღლე, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
· ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში, თუ კი ხელახალი დაქორწინება არ მოხდა;
· შრომისუუნარო ყოფილი მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან, თუ კი არ მოხდა ხელახალი დაქორწინება;
· არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო ოჯახის წევრი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ (მშობლები, და-ძმა, შვილიშვილები, პაპა და ბებია, მამინაცვალი და დედინაცვალი, გერი, ფაქტობრივი აღმზრდელი).
გადასახდელი ალიმენტების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. თუ ალიმენტის ოდენობაზე ვერ ხერხდება შეთანხმება, დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის/სხვა ოჯახის წევრის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მხარის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. აღსანიშნავია, თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე და 1220-ე მუხლების თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, ან შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. ასევე, მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
შესაბამისი სახსრების ქონის შემთხვევაში, როგორც დები და ძმები, ასევე შვილიშვილი და პაპა და ბებია მოვალენი არიან არჩინონ ერთმანეთი თუ რომელიმე მათგანს, რომელიც არის არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო სრულწლოვანი, დახმარებას საჭიროებს და მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს მშობლისგან/შვილისგან/მეუღლისგან. (სსკ-ის 1223-1225 მუხლები).
მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები (სსკ-ის 1226 მუხლი).
გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას. თუ ისინი გერს ზრდიდნენ/არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი ამ მოვალეობისაგან, აგრეთვე მაშინაც, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას (სსკ-ის 1227 მუხლი).
პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან (სსკ-ის 1229 მუხლი).
თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს (გაზარდოს/შეამციროს) დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას (სსკ-ის 1234 მუხლი).
იმ შემთხვევაში, როდესაც ალიმენტის გადამხდელის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, მოვალეს ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ არა უკანასკნელი სამი წლის, არამედ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად (სსკ-ის 1235 მუხლი).
სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით (სსკ-ის 1237 მუხლი).
მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში.
ტასო შანავა