საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით (მე-14 და შემდგომი მუხლები) დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების / შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით: „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო (მე-14 მუხლის პირველი ნაწილი).
თუკი დასაქმებულის საქმიანობა ითვალისწინებს შრომითი პროცესის 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილნი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ და დასაქმებულს მისცენ ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დრო. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები (მე-14 მუხლის პირველი (პრიმა) და მე-2 ნაწილი).
16
წლიდან
18 წლამდე
ასაკის
არასრულწლოვნების
სამუშაო
არ
უნდა
აღემატებოდეს
კვირაში
36 საათს (მე-14
მუხლის მე-3 ნაწილი).
14 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს (მე-14 მუხლის მე-4 ნაწილი).
აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: თუკი 16 წლის არასრულწლოვანი პირი მუშაობს რესტორანში კვირაში 5 დღის განმავლობაში, 12 საათიდან 20 საათამდე (8 საათი), სახეზე გვექნება ზეგანაკვეთური შრომა, რადგან აღნიშნული პირის სამუშაო დროის სრული მოცულობა იქნება 40 საათი და გადააჭარბებს 16 წლის არასრულწლოვნისთვის დასაშვები საათების მოცულობას, რაც შეადგენს 36 საათს.
ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილებების შესახებ დამსაქმებელს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო (მე-15 მუხლი).
დასაქმებული რიგ შემთხვევაში ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო. კერძოდ, ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, ანაზღაურების გარეშე; ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, სათანადო ანაზღაურებით (მე-17 მუხლის პირველი ნაწილი).
აკრძალულია, ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხობის გარეშე (მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი).
ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შერულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლონებისთვის — კვირაში 36 საათს, ხოლო, 16 წლიდან 14 წლამდე არასრულწლოვნებისთვის, კვირაში 24 საათს (მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი).
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება შეთნხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე (მე-17 მუხლის მე-4 ადა მე-5 ნაწილები).
აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვნის, ორსული, ახლადნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება. ღამის სამუშაოდ ითვლება მუშაობა 22 საათიდან 6 საათამდე. შესაძლებელია ღამის სამუშაოზე დასაქმდეს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მათივე თანხმობით (მე-18 მუხლი).
მაგალითად, როცა მეუღლეები იშვილებენ ბავშვს, სახეზე არ იქნება ახლადნამშობიარები ქალი ან/და მეძუძური დედა, თუმცა იმ საფუძვლით, რომ ისინი ბავშვის მომვლელებად მიიჩნევიან, შეუძლიათ უარი განაცხადონ ღამის სამუშაოზე. ასეთი მომვლელი შეიძლება იყოს ბავშვის ბებია, ბაბუა და ა.შ.
დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება (მე-19 მუხლი).
თამარ წულუკიძე