საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის №ას-254-239-2010 განჩინება
ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად ზიანის მიყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ განისაზღვროს პირთა ის წრე, რომელიც პასუხს აგებს აღნიშნული მოქმედებისთვის. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გარკვევა, თუ ვინ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების მფლობელად და რა შემთხვევაში ეკისრება მას პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ დროს შესაძლებელია, გამოიყოს ორი შემთხვევა: როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (ანუ იმ პირს, რომელიც არ მართავდა ავტომანქანას). კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელსაც არ მიუძღვის ბრალი შედეგის დადგომაში. სხვა სიტყვებით, რომელიც უშუალოდ არ იჯდა ავტომანქანაზე ავარიისას ან სხვა პირისთვის ზიანის მიყენებისას.
სასამართლოს განმარტებით,
ცალკეულ შემთხვევაში (მაგალითად, თუ თხოვების საფუძველზე ფლობს მძღოლი ავტომანქანას),
შესაძლებელია, რომ მოთხოვნა სოლიდარულად ორივე პირზე იქნეს დაყენებული: როგორც იმ პირზე,
ვინც მართავდა ავტომანქანას, ასევე, ავტომანქანის მფლობელზე (რომელის განკარგავდა მას
და რომელმაც ათხოვა მძღოლს იგი).
ტასო შანავა