საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან ( 27-ე და შემდგომი მუხლები). ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ:
ა) თუ შეუსრულდა 18 წელი;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი.
დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ
შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას (29-ე მუხლი).
ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან ( 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება (28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მაგალითად, თუკი პირი დასაქმებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, იმ დროის განმავლობაში, როცა ის ასრულებს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციას, მას უნარჩუნდება თანამდებობა და პროცესის დასრულების შემდეგ აგრძელებს იმავე პოზიციაზე მუშაობას.
მოსამართლე, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით.
თითოეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს (221-ე მუხლი).
პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან
ზიანს;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ( მაგ: წოლითი რეჟმის გამო არ შეუძლია გადაადგილება)
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია (31-ე მუხლი).
თამარ წულუკიძე