„უკაცრავად, ასეთ ფულს არ ვიღებთ! აქ კუთხეში გახეული არის... აქვე მინაწერიც ჰქონია...“ — ალბათ, აქედან ერთ-ერთი ფრაზა ერთხელ მაინც გსმენიათ სალაროსთან, ან თქვენ თვითონ მონაწილეობა მიგიღიათ მსგავს დიალოგში. ბევრია ისეთი ადამიანიც, რომელიც ერიდება დაზიანებული ფულით გამყიდველთან მისვლას. გარწმუნებთ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ თავდაჯერებულად და სამართლებრივი დასაბუთებით გამოიყენებთ ასეთ ფულს.
დრო და გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგი შეუბრალებელია ფულის მიმართ: ბანკნოტები ჭუჭყიანდება, იხევა, ცვდება,
ფულს
შემთხვევით
რეცხავენ
ტანსაცმელთან
ერთად,
ჩასანიშნად
იყენებენ
ქაღალდის
ნაცვლად
და მუდმივად გადასცემენ ხელიდან ხელში. როგორ განვსაზღვროთ, თუ როდემდე შეგვიძლია გამოვიყენოთ „დაშავებული“ კუპიურა?
პირველ რიგში, გამოსაყენებადია სამართლებრივი აქტი — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს №4 დადგენილება „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის საფუძველზე ვარკვევთ, რომ ბანკნოტზე ან მონეტაზე დაზიანების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს ბრუნვიდან მის ამოღებას. მეტიც, შეიძლება დაუზიანებელი ფულით მათი ჩანაცვლება.
სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ბანკნოტების და მონეტების ფიზიკური მდგომარეობის 4 კატეგორიას:
I კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი დაუზიანებელი და ისეთი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორიცაა ბანკნოტები მცირე ზომის დეფექტებით (ნახევებით, წარწერებით, ლაქებით, დაბინძურებით და სხვ.), რომლებიც არსებითად არ ცვლიან ბანკნოტის რეკვიზიტებს; მონეტებიმცირე ზომის ნაკაწრებითა და კოროზიის ნიშნებით, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ფერი და მკვეთრი გამოსახულებები.
II კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი ისეთი დაზიანების
მქონე ლარის ბანკნოტები და
მონეტები, როგორიცაა ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ.), რომლებიც ხელს არ უშლიან ბანკნოტის დამცავი ნიშნების და ნომინალის იდენტიფიცირებას და შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა; მონეტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები, დაბინძურება და კოროზია, რაც მთლიანობაში არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება.
III კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი შემდეგი სახის დაზიანებული ლარის ბანკნოტები და მონეტები: ბანკნოტები, რომელთაც შეცვლილი აქვთ ფერი, მაგრამ შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება; ბანკნოტები, რომლებიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნებიან ერთსა და იმავე ბანკნოტს; ბანკნოტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ ორიგინალი ბანკნოტის ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია ბანკნოტის იდენტიფიცირება; მონეტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი მონეტის ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება.
IV კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად უვარგისი ისეთი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც არ ეკუთვნიან ზემოთ მოცემულ არც ერთ კატეგორიას.
დაზიანებული ლარის ბანკნოტების და მონეტების მიღება-გამოცვლის წესი — არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას II, III და IV კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიღებაზე. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ არის რეგისტრირებული რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ, ყოველდღიური ფულადი ოპერაციების დროს ვალდებულია მიიღოს მცირე ზომის დეფექტების (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება) მქონე ბანკნოტები და მონეტები, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის ნაკაწრები და კოროზიის ნიშნები.
მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ I და II კატეგორიის (იხ. ზემოთ მოცემული განმარტება) ლარის ბანკნოტები და მონეტები ნომინალური ღირებულების მიხედვით.
კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების ან გამოცვლის მიზნით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, შეუფერხებლად მიიღონ I, II და III კატეგორიის (იხ. ზემოთ) ლარის ბანკნოტები და მონეტები. მეტიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით (მუხლი 1531), თუ ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი დაარღვევს აქ აღნიშნულ დაზიანებული ფულის მიღება-გამოცვლის წესებს, პირველს დაეკისრება ჯარიმა 200 ლარის, ხოლო, უკანასკნელს — 400 ლარის ოდენობით.
IV კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები არ წარმოშობს მათი მიღება-გამოცვლის ვალდებულებას და მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება მფლობელს. ამასთან, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის მათი დაბრუნება, მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, გადასცენ კომერციულ ან საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ასევე ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე – საქართველოს ეროვნულ ბანკს.
იმ შემთხვევაში, თუ IV კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტასო შანავა